მოლოდინი

ციოდა. ქურთუკში ხელებჩაწყობილი გოგო მობუზული იდგა კუთხეში.

- მალე მოვა? შეიძლება საერთოდაც არ მოვიდეს. მაგრამ მითხრა, მოვალო. არასდროს მოვუტყუებივარ, ალბათ არც ეხლა მომატყუებდა.

მაგრამ თავდაჯერება არ ეტყობოდა.

ქარი ქროდა. ქურთუკში ხელებჩაწყობილ გოგოს ნელნელა მოუთმენლობა ეპარებოდა. ღობიდან გადმოწეულ გვირილას თავი მოსწყვიტა და თვლა დაიწყო.

- მოვა? არ მოვა? მოვა?…

Continue reading

დეზდემონა

ამფითეატრში მოხუცი მაესტრო იჯდა.

სცენაზე მისი მოსწავლე, ქერა, გრძელთმიანი ქალი დეზდემონას თამაშობდა.
ილოცე ძილის წინ, დეზდემონა? მრავალჯერ გამეორებული ფრაზა ჰკითხა მსახიობმა.
დეზდემონა უცებ მივარდა და აკოცა. ოტელომ გულში ჩაიკრა, და როცა მოიშორა, დეზდემონას გულში დანა ჰქონდა გაყრილი.
ამ იმპროვიზაციით უკვე საიუბილეო, მე-100 სპექტაკლს დგამდნენ.

შემდეგ ისევ ნაცნობი სცენა.

ძირს დაცემული დეზდემონა ოდნავ გახელილი თვალებით უყურებდა, როგორ იკლავდა ოტელო თავს.
არ უყვარდა ეს სცენა. ოტელოს ყოველთვის ტომასი თამაშობდა, და ირინას არ უყვარდა
ძირს დავარდნილი, სისხლიანი ტომასის დანახვა.

Continue reading

And then there were none

არის ხოლმე მომენტები, როცა ვიაზრებ, რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი და არ ვიცი საიდან გავაგრძელო. ეხლაც ერთ-ერთი ეგეთი მომენტია. სამუშაო ცოტა პროზაული თემაა და არ ვთვლი (ხვალ დილამდე დასამთავრებელი სამი პროექტის და იმის მიუხედავად, რომ ბოლოს როდის მეძინა არ მახსოვს). მარტო ისეთ რამეებს ვთვლი, რასაც არ უნდა აკეთებდე რომ გახსოვს და შენ თავს წუთებს რო პარავ რო რამენაირად გააგრძელო კეთება.

Continue reading

და ყველაფერი თავიდან დაიწყო

“მე ცოდვები მანამდე გაპატიეთ, ვიდრე თქვენ მათ ჩაიდენდით.”
იესო ნაზარეთელი

“ძვ. წელთაღრიცხვით 2713 წელს კრიმინალი, როგორც კონცეფცია, მსოფლიო ფედერაციის მთელი შემადგენლობის კანონმდებლობიდან ამოიღეს. ე.წ. “სისხლის სამართლის დანაშაულის” პრეცედენტები, როგორც ასეთი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ ხდებოდა და იშვიათობის გამო მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. პენიტენციალური სისტემები გამოსასწორებელ ცენტრებად გადაიქცა, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევების პიროვნულ გადახალისებას ემსახურებოდა და დარღვევის გამეორების თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა. საგანმანათლებლო სისტემა წინა ათასწლეულთან შედარებით ძირეულად იყო შეცვლილი. მთავარი ყურადღება პიროვნულ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე იყო გადატანილი. ფაქტების და ინფორმაციის მაგივრად კონცენტრაცია აზრზე, შინაარსზე და იდეოლოგიაზე ხდებოდა, რითაც ინდივიდუალები აღზრდის პირველივე ეტაპებიდან გარშემომყოფებთან ჰარმონიულ თანაარსებობას, მეცნიერების საფუძვლიან გაგებას და ჰუმანურ სამყაროში ცხოვრებას ეჩვეოდნენ. სამყარო ნამდვილად გაცილებით უკეთესი ადგილი გახდა.”

Continue reading

კოლაფსი

დედოფალმა ხმამაღლა გაიცინა. ყველა ერთხმად აჰყვა. მოსწონდა გაბედული და თავდაჯერებული მეზღვაური, რომელიც წარმოუდგენელი წინადადებით მივიდა მასთან და თან უშიშარი, ცნობისმოყვარე მზერით ათვალიერებდა. სიამოვნებით დაიტოვებდა მის მზეზე გარუჯულ მხრებს ხელის გაწვდენაზე.

მეზღვაური პირდაპირ თვალებში უყურებდა და ორივე სათქმელს თვალებით და მხრების ოდნავი, თითქოს უნებური მოძრაობით ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

- აქ მოსვლა უკვე გმირობის ტოლფასია, მოკვდავო, – დამარცვლით წარმოთქვა დედოფალმა, – ჩემთვის თვალებში შეხედვაც კი არ შეგეშინდა, არადა კარგად იცი, რა გელის, რომ გავახილო. ღმერთების სისხლიც ხომ არ ურევია შენში?

Continue reading

Singularity, part 1

ვზივარ ოფისში. ჩვეულებრივ სამსახურში კი არა – ჩემი პირველი სერიოზული სტარტაპის ოფისში, თავისი მართლა მაგარი იდეით – რასაც შევწირე ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ფინანსური უსაფრთხოება და მონდომება. და კიდე ეპილეფსიიანი თხის სისხლი, ოღონდ ეს მმკ-სთან არ გამიბაზროთ.

Continue reading

მზის დაბნელება

გაიქცა. წასვლის წინა დღეს უთხრა ნილსმა, ისე გარბიხარ, სულ მგონია რომ წაიქცევიო.

არ წაქცეულა. თან გარბოდა და თან უყურებდა, როგორ იზრდებოდა გემს და ნაპირს შორის წყლის ზოლი. ჯერ კიდევ მივასწრებ, ფიქრობდა. ძალიან შორსაც არ იყო. ნაპირთან მივარდა და გაჩერდა. გრძნობდა, გემი თითქოს ჯერ კიდევ ხელის გაწვდენაზე იყო. გემბანიდან ნილსი უყურებდა და მის თვალებში ხედავდა, რას გრძნობდა თვითონ.

ნილსი მიტრიალდა. გემი უკვე უახლოვდებოდა ღრმა ლურჯ, მონაცრისფრო ჰორიზონტს. არ უნდოდა, ჰელგას დამშვიდობებოდა. წამოსვლის წინ აკოცა, ვითომც არაფერი, თითქოს საღამოს ისევ დაბრუნდებოდა და ნანადირევივით ამაყად დაკიდებდა მოსასხამს შემოსასვლელში, მიეპარებოდა და ყურთან აკოცებდა.

ეხლა კი ჰელგა ნაპირზე იდგა, ნილსის მაღალ მხრებს და თავზე მოგდებულ თეთრ მეზღვაურის ქუდს ისევ ხედავდა, და ნილსს არ უნდოდა, ხელის დაქნევით ან კოცნის გაგზავნით დამახსოვრებოდა. უნდოდა, ჰელგა ყოველდღე გაეთბო იმ შეგრძნებას, რომ დღეს, დაძინებამდე ნილსი იქნებოდა იქ.

“ჰელგასთვის ჯობია ესე”, – გაიფიქრა და თვალს მოეფარა.

ჰორიზონტზე, გემის მიმართულებით, ზღვა აღარ იყო ღრმა ლურჯი. მუქი, მოშავო ცის ქვეშ მზის სხივები ვეღარ აღწევდა. მაგრამ ჰელგას ეს არ დაუნახავს.

 

ღმერთების შერკინება 2013

OK,  ყველა რელიგიის ღმერთს ვაძლევ ერთ შანსს. რამდენადაც მოგეხსენებათ, ნახსენები არსებები აღარ ინტერესდებიან მათი მიმდევრების საკუთარ არსებობაში დარწმუნებით. მეტიც, ფოტო/ვიდეო აპარატურის გამოგონების და ფაქტების დადასტურების შესაძლებლობის შემდეგ საეჭვოდ, ესე ერთიანად, აიღეს ამ საქმეზე ხელი.

ან მარკეტინგის მენეჯერები არ ჰყავთ.

Continue reading

ბინა ვიწრო ქუჩაზე

ერთი ღერი ასანთი და ერთი ღერი სიგარეტი… ოთახი სიგარეტის ნამწვავებით და იატაკზე გაბნეული ქაღალდებით იყო სავსე. ჩაშავებულ კედლებს და კვამლით გაჭვარტლლულ ჭერს აღარ ეტყობოდა, რომ ოდესღაც ღია ფერის იყო. უკვე ჩასული მზის შუქი ბოლომდე ჩამოფარებულ ფარდებს და შავ ღრუბლებს მიღმა ვეღარც კი აღწევდა. კედლის საათი ყრუდ ურტყამდა ექვსს.

ნელმა, შემოდგომის ქარმა ფარდა ოდნავ შეარხია. დაბალ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცის გაფითრებულ, უემოციო სახეს მთვარის გამჭვირვალე, ვერცხლის სხივები დაეცა და თეთრი, წვრილი ძვლები გაანათა. კარლი უკვე მკვდარი იყო!

Continue reading

ის

ავტობუსი გაჩერდა და ის გამოჩნდა. ლურჯია და მზეზე ციმციმებს. ურეკიდან ხეებს ზემოთ მთებივით ჩანს. კიდე სახლის სახურავზე საკვამური ჩანს, ოჩოფეხებზე შეყენებული წყლის ავზი და სახლისხელა ხეები. მარცხნივ გზაზე, ჩრდილში კიტრს და პამიდორს ყიდიან. მე კიდე მეწევინება და ულამაზო სიტყვებს ვწერ.